ბანძა

  ბანძა–სამეგრელოს სააღებმიცემო და კულტურული საქმიანობის ერთ-ერთი წამყვანი კერაა.  მე-18 საუკუნის შუა პერიოდებიდან ებრაელი მოსახლეობა მტკიცედ იკიდებს ფეხს და მყარად მკვიდრდება ყულევში, ფოთში, კულაშში, ორპირში, ქუთაისში, ორაბელში, ლაილაშში, სენაკში და მოგვიანებით ბანძაში. საქართველოში ძველთაგანვე ებრაელებს უფლება ჰქონდათ, ქვეყნის შიგნით განევითარებინათ ვაჭრობა და ასევე უცხო ქვეყნებიდანაც შემოეტანათ საქონელი. ბაგრატოვანთა გამეფების შემდეგ მათი მდგომარეობა უფრო გაუმჯობესდა ამ მხრივ, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში ფართოდ გაიშალა საღებმიცემო საქმიანობა. შემდგომ საუკუნეებში ქრისტიანობის განმტკიცებისა და აღორძინების შემდეგ ევროპაში ებრაელთა დევნა დაიწყო. გავრცელდა აზრი, რომ ვითომც ურიები ქრისტიან ბავშვთა სისხლს სვამდნენ. ევროპის ქვეყნებში ებრაელთა დევნამ სასტიკი ხასიათი მიიღო. საქართველოში ასე არ ხდებოდა. ებრაელთა მფარველობას და დაცვას თვით მეფის განკარგულებით ახორციელებდნენ. ძირითადად ებრაელები საქარველოში საეკლესიო ყმებად ითვლებოდნენ და პირნათლად იხდიდნენ ამ საეკლესიო ბეგარას. ასევე ეს მდგომარეობა ხელს უწყობდა უფრო ფართოდ და მტკიცედ განევითარებინათ ჩვენში სავაჭრო საქმიანობა. ხალხი ენდობოდა, ელოდა მათ, ისინიც არ იყვნენ ჭირვეულნი , არ ტყუოდნენ, თუმცა ვაჭრობაში ფასსაც ნაკლებს აძლევდნენ, იგებდნენ, მაგრამ დაპირებულს ასრულებდნენ, ჭირსა და ლხინში მათთან იდგნენ. მე-18 საუკუნეში ბანძა დასავლეთ საქართველოში დაწინაურებული კერა იყო. აქ ჩამოსახლებულმა თავადმა ფაღავამ, მხარის ეკონომიკური ცხოვრების გასაღრმავებლად ჩამოიყვანა ებრაელი სოვდაგრის ერთი ოჯახი, რომელსაც აქ შეუქმნეს ნაყოფიერი ნიადაგი საცხოვრებლად. თავადმა ფაღავამ ებრაელის მიმართ საკმაოდ თვალსაჩინო შეღავათები გაავრცელა. შეღავათი მისცა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ყმობის ვალდებულების გადახდის საქმეებშიც. ამ ოჯახს მალე რამოდენიმე ახალი კომლიც მოჰყვა. აშენდა ადგილზე მცირე სამლოცველო, გაიხსნა ებრაელთა სასაფლაოც, შეიკრა შინაგანი და საგარეო კავშირ-ურთიერთობანი, დაიწყო ,,იარმარკობა’’, მე-20 საუკუნის დასაწყისში აიგო მაღალი არქიტექტორული სამლოცველო ნაგებობა-სინაგოგა. ებრაელები მტკიცედ დაფუძდნენ ბანძაში. ამავე დროს ბანძის მდიდარი ებრაელები თავიანთ წვლილს სდებდნენ სოფლის კეთილმოწყობის საქმეში. სკოლის მშენებლიბაში, ქუჩების კეთილმოწყობაში, საბავშო ბაღების აშენებაში. აქ აღიზარდა მრავალი გამოჩენილი ქართველი ებრაელი მოღვაწე. ბანძელმა ებრაელებმა მძიმედ განიცადეს საბჭოთა ხელისუფლების პირველი შედეგები. შემცირდა ბანძის ცნობილი ,,იარმარკა’’, ბანძის ცნობილი ბაზრის პეწი და სიმდიდრე. კერძო პიროვნული ვაჭრობა და სავაჭრო დუქნები თანდათანობით გაქრა, ებრაელები ჩუმ-ჩუმად განაგრძობდნენ მისვლა-მოსვლას, ვაჭრობას, ჩაებნენ სამეურნეო ცხოვრებაში. ებრაელთა კერძო საქმიანობის მოშლამ, თითქმის დაცალა, გააღარიბა ბანძა. ხოლო ახალ ბანძაში თითქმის არ დარჩა ებრაული ოჯახი. ისინი 70-იან წლებში სიყვარულით გამოეთხოვნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მეზობლებს, მეგობრებს, თხოვდნენ მოევლოთ სინაგოგასა და სასფლაოსათვის. წავიდნენ თავიანთ აღთქმულ ქვეყანაში და თან წაიღეს საქართველოს სიყვარული, მათ შორისაა, პატარა და ლამაზი სოფელი-ბანძა.

No comments:

Post a Comment